logo
ENG



"ჩვენი ხედვა არ შეცვლილა და არ შეიცვლება" - ლელო პლებისციტს კომპრომისად განიხილავს

04 მარ 202117:53
3 წუთის საკითხავი
 
"ჩვენი ხედვა არ შეცვლილა და არ შეიცვლება" - ლელო პლებისციტს კომპრომისად განიხილავს

ლელოს ერთერთი ლიდერის ბადრი ჯაფარიძის განცხადებით, პარტიის პოზიცია არ შეცვლილა და პლებისციტს კომპრომისად განიხილავენ. ასე ეხმაურება ის ფორმულას გადაცემა კომენტარში საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის განცხადებას, რომ ხელახალი არჩევნების საკითხზე პლებისციტის მოდელზე შეთანხმება არ უნდა შედგეს.

ჯაფარიძე ამბობს, რომ ამასთან დაკავშირებით ლელოს აზრი იგივეა და არც მომავალში შეიცვლება.

"ჩვენ ვხელმძღვანელობთ ჩვენი მიღებული გადაწყვეტილებებით. ჩვენ ვფიქრობთ, რომ პლებისციტი არის ის კომპრომისი, რომლისთვისაც ჩვენ მზად ვართ, რომ მოვილაპარაკოთ ქართულ ოცნებასთან. იგულისხმება პლებისციტი, რომელიც უნდა ჩატარდეს ადგილობრივ არჩევნებთან ერთად და ჩვენმა თანამოქალაქეებმა უნდა გვითხრათ, სურთ თუ არა მათ ვადამდელი რიგგარეშე არჩევნების ჩატარება 2022 წლის გაზაფხულზე. ჩვენ მყარად ვდგავართ ამ პოზიციაზე, რომ ეს არის ჩვენი მხრიდან კომპრომისი, რომელიც ემსახურება პოლიტიკური მშვიდობის დამყარებასა და პოლიტიკური შეთანხმების მიღწევას ქვეყანაში. ჩვენი ხედვა ამასთან დაკავშირებით არ შეცვლილა და არ შეიცვლება", - განაცხადა ჯაფარიძემ.

მისივე თქმით, არ აქვს მოლოდინი, რომ ეს თემა ოპოზიციაში განხეთქილების მიზეზი გახდება. 

სააკაშვილი 4 მარტს გავრცელებულ ვიდეომიმართვაში აცხადებს, რომ ოპოზიცია პლებისციტის მოდელს, რომელსაც მათ თავს ივანიშვილი ახვევს, არ უნდა დათანხმდეს. სააკაშვილის განცხადებით, ბიძინა ივანიშვილს პლებისციტის ჩატარებით დროის გაწელვა სურს. 

ექსპრეზიდენტის თქმით, ივანიშვილი პლებისციტის ჩატარების პერიოდში ეცდება "ქვეყნიდან გაყაროს" ასობით ათასი აქტიური ამომრჩეველი და ამით დამატებითი უპირატესობა შეიქმნას.

იმ პოლიტიკოსების უმეტესმა ნაწილმა - 51-მა დეპუტატმა, რომლებმაც 2020 წლის 31 ოქტომბრის არჩევნებით საპარლამენტო მანდატები მოიპოვეს, დეპუტატობაზე უარი თქვა - მათ არჩევნები გაყალბებულად მიიჩნიეს და ბოიკოტი გამოაცხადეს. მათ მალევე დაწერეს განცხადებები მანდატების შეწყვეტის მოთხოვნით. პარლამენტმა ოპოზიციური პარტიების 51 წევრისთვის მანდატების შეწყვეტის საკითხს მხარი არ დაუჭირაამ დრომდე ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის მოლაპარაკების 4 რაუნდი გაიმართა. თუმცა, ოპოზიციის მთავარი მოთხოვნები: ყველა პოლიტიკური პატიმრის გათავისუფლება და რიგგარეშე არჩევნების ჩატარება ახალი საარჩევნო ადმინისტრაციის პირობებში არ დაკმაყოფილდა. ხელისუფლება უარს ამბობს ოპოზიციის შეთავაზებაზეც, ჩატარდეს პლებისციტი და ხალხმა გადაწყვიტოს, სურს თუ არა რიგგარეშე არჩევნები. 

4 რაუნდის გარდა, ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის მედიაციით 1 მარტს ოპოზიციასა და მმართველ გუნდს შორის კიდევ ერთი შეხვედრა შედგა. შეხვედრაზე მიშელმა განსახილველად ჩარჩო საკითხები მიიტანა. როგორც მხარეებმა განაცხადეს, შეხვედრაზე პლებისციტზე არ უსაუბრიათ.


close დახურვა